„აიაქსს“ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ევროპალიგის განაცხადში შეყვანა დაავიწყდა
ამსტერდამის „აიაქსის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ფორვარდი სებასტიან ალე არ არის შეყვანილი ევროპის ლიგის 2020-21 წლების სეზონის გაზაფხულის ნაწილის განაცხადში.
„აიაქსში” მიაჩნიათ, რომ ეს მოხდა ტექნიკური შეცდომის გამო. „დიახ, ალე არ არის ევროპის ლიგის სიაში. ეს სიმართლეა. ჩვენ ვმუშაობთ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფასთან, რათა გავარკვიოთ სად იყო დაშვებული შეცდომა“, – განაცხადა „აიაქსის“ წარმომადგენელმა.
თუ გაირკვევა, რომ დამნაშავე თავად „აიაქსია“, ალე ვერ ითამაშებს ევროპის ლიგის პლეი ოფში.
„აიაქსმა“ 26 წლის ალე „ვესტ ჰემიდან 22.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
ახალ გუნდში ჩატარებულ პირველ ექვს მატჩში მან ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „აიაქსი“ ფრანგულ „ლილს“ უნდა შეხვდეს.