„აიაქსმა“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოიგო - ვან სხიპმა გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშა #1TVSPORT
ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში „ვოლენდამი“ 2:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძეს სათამაშო დრო არ მიუღია.
„ერედივიზიონის“ მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრამდე იყო მოლოდინი, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს თავის გამოსაჩენად დროს მისცემდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა და მიქაუტაძე საერთოდ არ ათამაშეს.
„აიაქსი“ ამ მატჩამდე ბოლო ადგილზე იყო და გუნდში ერთ-ერთ აუტსაიდერთან გამარჯვების იმედი ჰქონდათ. ამსტერდამელებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს. ანგარიში კი მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე სტივენ ბერგვაინმა გახსნა. 89-ე წუთზე „ვოლენდამის“ კარი მეორედ აკპომმა აიღო.
„აიაქსმა“ 10 ტურის შემდეგ რვა ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე დაწინაურდა, მეორე გამოტოვებული მატჩის მოგებით კი ამსტერდამელები ათეულში შესვლას მოახერხებენ.