„აიაქსის“ მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მიქაუტაძეს შანსი გაუჩნდა #1TSPORT
მორის სტეინი ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. სტეინი „აიაქსში“ ზაფხულში როტერდამის „სპარტიდან“ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.
იან ვან ჰალსტი, „აიაქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ბოლო თვეების განმავლობაში ერთად პროფესიონალურად ვიმუშავეთ, მაგრამ გუნდს შედეგები და წინსვლა არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი თანამშრომლობის დასრულება იქნებოდა. დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ჰედვიგეს მადურო შეასრულებს“.
მორის სტეინი: „კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას მივედით დასკვნამდე, რომ ჩემი წასვლა გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერი გავაკეთე „აიაქსის“ წარმატებისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე. მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს, ვისთანაც აქ ვმუშაობდი. იმედი მაქვს, „აიაქსი“ მალე თავის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ ამსტერდამულ კლუბში 16 მილიონ ევროდ გადასულ გიორგი მიქაუტაძეს მორის სტეინის ხელმძღვანელობით თამაშის შანსი არ ჰქონდა – მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მხოლოდ შეცვლებზე და მისთვის უჩვეულო პოზიციებზე ათამაშებდა.