„აიაქსის“ მწვრთნელი მორის სტეინი - გიორგი მიქაუტაძე სულ უფრო უკეთესი ხდება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ თავის დამკვიდრების საშუალება თითქმის არ ჰქონია. გუნდის მთავარ მწვრთნელ მორის სტეინის განცხადებით, ქართველი მოთამაშე ვითარდება და ამით კმაყოფილია.
ეს მოულოდნელი იყო იმის ფონზე, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი კლუბიდან წასული სპორტული დირექტორის, სვენ მისლინტატის ინიციატივით განხორციელდა და ამის გამო სტეინმა გააკრიტიკა.
„მიქაუტაძეს შეუძლია როგორც თავდამსხმელად, ასევე ფლანგის ნახევარმცველად თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებით კარგია მოედნის შეზღუდულ მონაკვეთზე. მინდოდა, რომ მას „ვაალვაიკის“ წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ მატჩი შეწყდა.
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აეკ-თან თამაშისას, ვფიქრობდი, რომ ამურიკოსთან ერთად გვჭირდებოდა აქსელ დონგენის, სტივენ ბერგვაინისა და ჩუბა აკპომის მეტი სიჩქარე. გიორგი კი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც უფრო მეტს ბურთით თამაშობს, ამიტომ ამ მატჩში არ გამოვიყენე.
მას აქვს პერსპექტივა. ვფიქრობ, მიქაუტაძე სულ უფრო უკეთესი ხდება. ვარჯიშზე აჩვენებს, რომ კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ მან უბრალოდ უნდა დაიმსახუროს თავისი ადგილი და საამისო მომენტიც უნდა დადგეს. ბიჭებმა, რომლებიც ახლა სასტარტო შემადგენლობაში არიან, როგორც აეკ-ის, ასევე „ვალვაიკის“ წინააღმდეგ დავალებებს თავი კარგად გაართვეს“, – განაცხადა მორის სტეინმა Voetbal International-თან ინტერვიუში.