„აიაქსის“ ფანებს მიქაუტაძისადმი მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება აღიზიანებთ #1TVSPORT
„აიაქსის“ გულშემატკივარი „უტრეხტთან“ წაგებით (3:4) აღშფოთებულია. ფანების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ნიდერლანდური მედია, ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძისადმი მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის დამოკიდებულებით გაღიზიანებულია.
„მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო. ქართველმა თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა, ორ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადასული მოთამაშის საქმეები კარგად არ მიდის. იყო ვარაუდი, რომ „უტრეხტთან“ შეხვედრა გიორგისთვის ცვლილებების დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ სტეინმა სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ძირითადში კვლავ კრისტიან ჰლინსონი დააყენა. გაუგებარია, რის საფუძველზე ენიჭება უპირატესობა ისლანდიელს“, – წერს გამოცემა soccernews-ი და გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს, რომლებიც მიქაუტაძის თამაშს ითხოვენ.
„მიქაუტაძე მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ისევ ჰლინსონი ათამაშა, რომელსაც ჯერ ბევრი არაფერი უჩვენებია“…
„როდის და სად დაამტკიცა ჰლინსონმა, რომ მიქაუტაძეზე უკეთესი მოთამაშეა?“
„ძალიან მიკვირს, ძირითად შემადგენლობაში მიქაუტაძის ადგილი როგორ არ მოიძებნა? მაინტერესებს, რა აქვს სტეინს ქართველი ფეხბურთელის საწინააღმდეგო?“
„გიორგი მიქაუტაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვება სირცხვილია, მით უმეტეს, ახლა“…
„სად არის მიქაუტაძე? რატომ პასიურობენ „აიაქსის“ ხელმძღვანელები, როდის წავა სტეინი გუნდიდან?“
„მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში ხუთი გოლი გაიტანა, მაგრამ „აიაქსში” მაინც არ ათამაშებენ“.