„აიაქსის“ ფან-კლუბი - მიქაუტაძე ნაკრებში კლასს აჩვენებს, მას მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ და შედეგიან თამაშს (ტაილანდთან და კვიპროსთან ორ მატჩში ხუთი გოლი) ამსტერდამის „აიაქსის“ გულშემატკივართა ვებგვერდი გამოეხმაურა და 22 წლის თავდამსხმელის წარმატებულ თამაშზე გაამახვილა. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ახალი მწვრთნელი დაუნიშნონ.
„გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თავის კლასს აჩვენებს. ტაილანდთან ოთხი გოლის შემდეგ მან კვიპროსსაც გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კვიპროსელებთან თავდამსხმელი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო. 2:0-ის შემდეგ ის მოედანზე გამოჩნდა და დამატებულ დროში თერთმეტმეტრიანით ანგარიში 4:0 გახადა“.
რაც შეეხება „აიაქსში“ მთავარი მწვრთნელს – მორის სტეინი ქართველ თავდამსხმელს შანსს არ აძლევს და მისთვის უცხო პოზიციაზე ათამაშებს. 49 წლის სპეციალისტს ამსტერდამული გამოცემა Het Parool უახლოეს პერიოდში გადაყენებას უწინასწარმეტყველებს.
„ამსტერდამის „აიაქსში“ მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის საქმიანობას წარუმატებლად მიიჩნევენ და თუ 49 წლის სპეციალის ხელმძღვანელობით გუნდი მომავალ მატჩებსაც წააგებს, მისი გადაყენება გარდაუვალი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალექს კროსი 15 მარტამდე ოფიციალურად ჯერ არ იკავებს გენერალური მენეჯერის ადგილს, მომავალ დამსაქმებელს მხარს დაუჭერს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში.
კრუსის „ალკმაართან“ კონტრაქტი „აიაქსის“ თანამშრომლებთან მის კონტაქტებს ზღუდავს. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ გუნდზე გავლენა მოახდინოს. მაგალითად, კრუსმა კონსულტაცია გაუწია ლუი ვან გაალს, რომელიც ახლახან „აიაქსში“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაბრუნდა. გარდა ამისა, კრუსი აქტიურად ცდილობს ახალ მწვრთნელად ჯონ ვან შიპისა ან მარინ ბეკერის დანიშვნას.
თუ სტეინი მალე წავა, ვან შიპმა, შესაძლოა, ამსტერდამში მოვალეობა დროებით შეასრულოს. სტეინი შეინარჩუნებს პოსტს, თუ ჩემპიონატში „უტრეხტს“ და „ეინდჰოვენს“ მოუგებს, ხოლო ევროპალიგაზე „ბრაიტონთან“ წარმატებით ითამაშებს“, – ამტკიცებს ამსტერდამული გამოცემა.