„აიაქსის“ ახალი მწვრთნელი - მიქაუტაძეს გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ #1TVSPORT
„აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა „ვოლენდამთან“ მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელის დადებით მხარეებთან ერთად, ის ნაკლიც დაასახელა, რომელზეც გიორგიმ უნდა იმუშაოს.
„მიქაუტაძეს ძალიან კარგი მონაცემები აქვს და რაც ვარჯიშზე ვნახეთ, შეუძლია შეტევები კარგად დაასრულოს. თუმცა მას ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტაცია დასჭირდება.
რა უნდა გააკეთოს ბურთის დაკარგვის დროს, როგორ მოაქციოს მეტოქე წნეხის ქვეშ? ეს ის ხარვეზებია, რომლის გამოსასწორებლად მიქაუტაძეს ცოტა მეტი დრო და მუშაობა დასჭირდება. აშკარაა, რომ გიორგის გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა „აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.