„აიაქსი“ ნიდერლანდების თასიდან სამოყვარულო გუნდმა გააგდო - მიქაუტაძემ შეუცვლელად პირველად ითამაშა #1TVSPORT
ნიდერლანდების თასის 1/16-ფინალში გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშეს – ამსტერდამელები სამოყვარულო კლუბ „ჰერკულესთან“ სენსაციურად დამარცხდნენ – 2:3 .
მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ქართველი თავდამსხმელი თავის პოზიციაზე კვლავ არ დააყენა და მარცხენა ნახევარმცველად ათამაშა.
„აიაქსმა“ ნიდერლანდების რანგით მეოთხე დივიზიონის სამოყვარულო გუნდთან გასვლითი მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო – „ჰერკულესი“ მე-16 წუთზე ტიმ პიტერსმა დააწინაურა და ტაიმიც 1:0 დასრულდა.
64-ე წუთზე მიქაუტაძის შესანიშნავი გადაცემით ჩუბა აკპომი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ „ჰერკულესის“ მეკარეს ვერ აჯობა. მასპინძლების კონტრშეტევა კი პიტერსმა შორეული დარტყმით და ეფექტური გოლით დააგვირგვინა და ამსტერდამელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
გიორგის 69-ე წუთზე ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ მასპინძლები მცველმა გადაარჩინა. ორ წუთში ქართველმა ფორვარდმა მარცხენა ფლანგიდან მწვავე შეტევა განავითარა, მაგრამ აკპომმა ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.
„აიაქსს“ თამაშის გადარჩენის იმედი 83-ე წუთზე გაუჩნდა, როდესაც ბრობის გოლით სხვაობა შეამცირა, 88-ე წუთზე კი აკპომმა ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ 90+3-ე წუთზე მატს გროტენბერგმა „აიაქსის“ კარი მესამედ აიღო და უდიდესი სენსაცია დააფიქსირა – ნიდერლანდების თასის 1/8-ფინალში მეოთხელიგელი „ჰერკულესი“ გავიდა.