აგუეროს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ელოდება
აგუეროს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ელოდება

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ მუხლის ტრავმა მიიღო პრემიერლიგის 30-ე ტურში „ბარნლის“ წინააღმდეგ. ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სერხიოს ოპერაცია დასჭირდება.

„ცოტა ხნის წინ ველაპარაკე მას. მუხლი მთელი კვირის განმავლობაში აწუხებდა. სერხიოს მენისკის ტრავმა აქვს. მალე მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და განისაზღვრება ტრავმის ხარისხი. ვფიქრობ, ხუთშაბათს ან პარასკევს ბარსელონაში ოპერაციას გაუკეთებენ, როგორც ეს წინა ჯერზე იყო“, – მოჰყავს ფეხბურთელის მამის სიტყვები გაზეთ „მარკას“.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, სერხიო აგუერომ ართროსკოპიული ოპერაცია გადაიტანა მარცხენა მუხლზე.

32 წლის აგუერომ ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. „სიტიმ“ „ბარნლი“ 5:0 დაამარცხა.