აღმასკომზე ეროვნული ლიგის შეცვლილი ფორმატი დაამტკიცეს - თასის გათამაშება აგვისტოდან დაიწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დაამტკიცეს საქართველოს 2020 წლის XXXII ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXXI გათამაშების დებულება და კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების 2020 წლის რედაქცია, განიხილეს კლუბების ლიცენზირების საკითხები…
სხდომსი დასრულების შემდეგ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„როგორც ცნობილია, 25 ივნის ეროვნული ჩემპიონატი მესამე ტურიდან განახლდება – ერთმანეთს ჯერ „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან, ბათუმის „დინამო“ კი „თელავს“ ეთამაშება. დღეს დებულება დავამტკიცეთ, სადაც ცვლილებებია შეტანილი და 4 წრის ნაცვლად, 2 წრე ჩატარდება. ასევე დავამტკიცეთ დავით ყიფიანის სახელობის თასის დებულება, რომელიც აგვისტოდან დაიწყება. სასიამოვნოა, რომ გუნდებმა გაახცნობიერეს ის ვალდებულებები, რაც აღებული გვაქვს“ – ამბობს დავით მუჯირი.
სფფ-ს გენერალურმა მდივანმა სხვა ლიგების შესახებაც ილაპარაკა: „სამწუხაროდ, ჯერ სხვა ლიგების განახლების თარიღის დასახელება ვერ ხერხდება. თუმცა, შევეცდებით, რომ ყველა ლიგსი გათამაშება განვაახლოთ. აქვე ვიტყვი, რომ დებულებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ლიგის გუნდები საწევრო გადასახადიდან გათავისუფლებულები არიან. მათ ეს თანხები საჭიროების მიხედვით შეუძლიათ გამოიყენონ“.
დავით მუჯირმა სხვა ცვლილებებზეც ილაპარაკა: „სხვა საკითხებს რაც შეეხება – ლიცენზირებაში მინიმალური ცვლილება შევიდა, ხოლო უმნიშვნელოვანესი სიახლე ისაა, რომ ამიერიდან ქალთა საფეხბურთო კლუბების ლიცენზირებაც სავალდებულო გახდება. უეფას აღმასკომზე ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა სექტემბერში ჩატარდება და ჩვენი ჩემპიონი, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 7-დან 13 ოქტომბრამდე ჩაატარებს“.