აღმასკომის სხდომის გადაწყვეტილებები ცნობილია, უეფა-ს თანხები გუნდებზე გადანაწილდა
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. 2020 წლიდან ლიგა4-ის და რეგიონული ლიგების ფორმატები და მონაწილეთა რაოდენობა შეიცვლება. ცნობილი გახდა, რომ გუნდები განაცხადში მეტ მოთამაშეს შეიყვანენ. ამავე დროს, სფფ-ს ხელმძღვანელობამ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის უეფა-ს მიერ დამატებით გამოყოფილი თანხების გადანაწილებასა და ქალთა გუნდების ლიცენზირების საკითხებზე იმსჯელა.
აღმასკომის სხდომაზე კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
„რეგიონებში ქვედა ლიგების მიმართ ინტერესი გაიზარდა – 2020 წლიდან ლიგა 4 უკვე 16-გუნდიანი იქნება და ორ წრედ ჩატარდება. რეგიონული ლიგაში კი 4 ლიგა იქნება და ყველა გამარჯვებული ლიგა4-ის საგზურს ავტომატურად მიიღებს. ეროვნულ ლიგაში, ასევე ლიგა 2-სა და ლიგა 3-ში განაცხადში შესაყვანი მოთამაშეების ლიმიტი 18-დან 20-მდე გაიზარდა. სიახლე იქნება ქალთა გუნდების ლიცენზირებაც, რომლებიც ლიცენზირების მოსაკრებელს არ გადაიხდიან. ეს ისევ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის და ქალთა საფეხბურთო კლუბების ხელშესაწყობად კეთდება. გუნდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ სათამაშო ფორმებსა და ბურთებს გადავცემთ და საბაზისო დაფინანსებაც გავუზრდით” – ამბობს დავით მუჯირი.
სფფ-ს გენმდივნის თქმით, უეფა-მ საქართველოს დამატებითი შემოსავლები დაურიცხა: „გასულ ევროსეზონში უეფა-მ გაუთვალისწინებლად დიდი შემოსავლები მიიღო – ამ ზედმეტი შემოსავლიდან 10 მილიონი გადანაწილდა იმ ქვეყნებზე, რომლებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშეს. საქართველო 114 ათასი ევროს მიიღებს, რომელიც 2018 წლის ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებზე გადანაწილდება“.