აღმასკომზე სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტები დაამატკიცეს – რეგიონებს, ფუტსალს და ქალთა ფედერაციას დაფინანსება გაუზარდეს

13:02, 05.03.2019

ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეს სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის შემდეგ აღმასკომის პირველი სხდომა იყო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცება და ორგანიზაციის წევრი რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების დაფინანსების გაზრდის საკითხი. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან დაფინანსება გაეზრდებათ სფფ-ის წევრ რეგიონულ ფედერაციებს, ფუტსალის ასოციაციასა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციას.

ამავე დროს, აღმასკომის წევრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცეს.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პირველ არხთან აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილებზე ილაპარაკა.

“ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა წარმატებულად ჩათვალა ვიცე-პრეზიდენტების საქმიანობა და საჭიროდ ჩათვალა, რომ ოთხივე მათგანი თანამდებობაზე დაეტოვებინა: კახა ჭუმბურიძე ისევ პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები –
ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი. რაც შეეხება მეორე საკითხს, გადაწყდა, რომ რეგიონულ ფედერაციებს დაფინანსება გაეზრდება” – ამბობს პირველ არხთან დავით მუჯირი.

მსგავსი