აფრიკის თასზე ეროვნული ლიგიდან ორი ლეგიონერი ითამაშებს #1TVSPORT
აფრიკის თასზე ეროვნული ლიგიდან ორი ლეგიონერი ითამაშებს #1TVSPORT

დღეს, 9 იანვარს, კამერუნში აფრიკის თასის 33-ე გათამაშება იწყება. აფრიკის კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ტურნირი 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგიდან აფრიკის თასზე ორი ფეხბურთელი ითამაშებს – ერთი ქუთაისის „ტორპედოდან“ და ერთიც – გორის „დილადან“.

მალავის ნაკრების წევრია გორის „დილას“ შემტევი ნახევარმცველი ფრანცისკო მადინგა, რომელმაც 35 მატჩში 4 ბურთი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელის ეროვნული გუნდი „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ზიმბაბვეს, სენეგალისა და გვინეის ნაკრებები.

მადინგას და მალავის მეტოქე ზიმბაბვეს ნაკრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი ალეკ მუდიმუ იქნება. 26 წლის ცენტრალური მცველი ქუთაისურ კლუბში 2021 წელს ჩაირიცხა და მისი ფორმით 12 მატჩი ჩაატარა. მთავარი ისაა, რომ მუდიმუ „ტორპედოს“ ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი გახდა. მუდიმუმ მარტვილის „მერანთან“ პლეი ოფის განმეორებით მატჩში 87-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო, ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიში 2:2 გახადა, შემდეგ ქუთაისელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და გუნდი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

ამ ორი მოთამაშის ნაკრებები, მალავი-ზიმბაბვე ერთმანეთს „ბ“ ჯგუფში 14 იანვარს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

„ბ“ ჯგუფი

10 იანვარი

სენეგალი-ზიმბაბვე, 17:00

გვინეა-მალავი, 20:00

14 იანვარი

სენეგალი-გვინეა, 17:00

მალავი-ზიმბაბვე, 20:00

18 იანვარი

მალავი-სენეგალი, 20:00

ზიმბაბვე-გვინეა, 20:00