გია აფხაზავა ბელარუსის პრემიერლიგის მოლოდეჩნოს „ისლოჩს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 19 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აფხაზავა 2002 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ქობულეთში დაიბადა. ვარჯიშობდა „შუქურას“ საფეხბურთო სკოლაში. 2018 წლის ზაფხულში ნახევარმცველი ბათუმში წავიდა და იქ ორი სეზონი ადგილობრივი „დინამოს“ აკადემიაში ითამაშა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში, გიამ „შუქურას“ შემადგენლობაში დაიწყო თამაში და საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გია აფხაზავა იყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც ბელგიელ თანატოლებთან ორი მატჩი გამართა.
„ისლოჩმა“ ბელარუსის პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა. გია აფხაზავა ბელარუსში ცუდ დროს წავიდა, რადგან რუსეთთან ერთად, უეფა-ს აღმასკომმა ბელარუსის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები და კლუბები დასაჯა და მათ უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარება გაურკვეველი ვადით აეკრძალათ.
სანქციის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიაში ბელარუსის ირიბი მონაწილეობაა – უკრაინის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის სამხედრო ძალები ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ.