ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ხარისხიან მართლმსაჯულებაზე რეზოლუცია მიიღო
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე რეზოლუცია მიიღო.
როგორც რეზოლუციაში წერია, სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებულია მმართველობის მანკიერი ფორმა, ვიწრო და ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის ხელში სისტემის ხელმძღვანელობის კონცენტრაცია აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
(ა) უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის იმგვარი რეფორმა, რომლითაც შეიზღუდება თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრებად სავალდებულო კვოტის ფარგლებში განწესდებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მაღალი რეპუტაციის მქონე წარმომადგენლები.
(ბ) არ დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ კანდიდატთა განწესება, რომელთაც წლების განმავლობაში ეკავათ და უკავიათ ხელმძღვანელობითი პოზიციები სასამართლო სისტემაში და პასუხისმგებელნი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების დამკვიდრებაზე;
(გ) შექმნას იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი პროფესიული რეპუტაციის, კეთილსინდისიერებისა და პიროვნული სიმტკიცის მქონე არა მხოლოდ მოსამართლეთა, არამედ ადვოკატთა, მეცნიერ-იურისტთა და იურიდიული პროფესიის სხვა ღირსეულ წარმომადგენელთა უზენაეს სასამართლოში განწესების შესაძლებლობას, სანდო, გამჭირვალე და ობიექტური პროცედურის საფუძველზე;
(დ) შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენისა და შერჩევის იმგვარი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ქმედით ჩართულობას კანდიდატის პროფესიული რეპუტაციისა და სამოსამართლო თვისებების შეფასების მიზნით;
(ე) განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთი და იგივე პირის პარლამენტისთვის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ;
(ვ) იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნებზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე.
ადვოკატთა საერთო კრებას 400-ზე მეტი ადვოკატი ესწრებოდა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ერთმა ადვოკატმა მისცა, ერთმა კი, თავი შეიკავა.