ადვოკატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში გამოცხადდებიან
ადვოკატი ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში გამოცხადდებიან. როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ისინი პროკურატურის დადგენილებას ჩაიბარებენ.
„ჩავიბარებთ დადგენილებას, დანარჩენი პროკურატურამ უნდა განსაზღვროს, რა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით წარდგება სასამართლოში. ბრალდება, როგორც ადრე ვამბობდით, არის აბსოლუტურად აბსურდული, დანარჩენს გავეცნობით და ამის მერე მოგახსენებთ. ძიება რომ მიმდინარეობს, ვიცით, მაგრამ რამდენიმე თვის წინანდელი განცხადების შემდეგ, არანაირი შეხება და აქტიურობა ჩვენთან არ ჰქონიათ და შესაბამისად, ყველაფერი ჩვენც, როგორც თქვენ, ბრიფინგიდან გავიგეთ“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.