ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დაკავებული ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმას უარყოფს
ფოთში დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ მოინახულა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ თავდასხმა სამართალდამცველებზე არ განუხორციელებია.
მისივე თქმით, ვაშაყმაძეს ბრალს ხვალ ან ზეგ წარუდგენენ და პირველი სასამართლო სხდომა ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
„ინფორმაცია ჯერჯერობით მწირი გვაქვს საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან ის დღესდღეობით დაკავებულია და ბრალი არ არის წაყენებული. მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია 239-ე პრიმა მუხლით, რაც არის მუქარისკენ მოწოდება. ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში იყო განთავსებული მისი ჩანაწერი. ის იმყოფებოდა ფოთში, თავისი ნათესავის ოჯახში. პოლიცია განმარტავს, რომ უნდოდა უწყების ჩაბარება, რომ გამოცხადებულიყო თბილისში, ქალაქის სამმართველოში და მან მოახდინა თავდასხმა.
თბილისში დაწყებულია საქმის წარმოება 239-ე პრიმა მუხლით, ხოლო ფოთში, როგორც პოლიცია განმარტავს, პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე 253-ე პრიმა მუხლით. ეს მათი განმარტებით, ხოლო რეალურად ჩვენ ვერკვევით ახლა, რა მოხდა და როგორ მოხდა.
გვაქვს ინფორმაცია, რომ არანაირი თავდასხმა მას არ განუხორციელებია და თავისთავად, ისიც არ აღიარებს აღნიშნულ დანაშაულს. ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით კი, მან მოიხადა ბოდიში და გააქრო სოციალური ქსელიდან ეს ჩანაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა თბილისში“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დღეს ფოთში დააკავეს.