გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ
გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივების მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დღეს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს.

„დღეს სასამართლოს წარვუდგენ ახალ მტკიცებულებებს და გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ დავით კირკიტაძის მიმართ ძალაში დარჩეს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა”,- განუცხადა პირველ არხს კონდახიშვილმა.

კირკიტაძის ინტერესების დამცველს იმედი აქვს, რომ სასამართლო შეაფასებს წარდგენილ მტკიცებულებას და კირკიტაძეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.