ადვოკატი - სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი - იური სუსლიაკის
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ სასამართლოსგან დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. ზურაბ თოდუამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ მისი მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნას ემყარება. ადვოკატს ხელთ აქვს სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.
ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან იულია და იური სუსლიაკის მშობლები, რომლებიც ბავშვების უკრაინაში წაყვანას ითხოვენ. მათთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც პროკურატურაში შეხვედრა უკვე გამართა.
„აღკვეთის ღონისძიება სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს იულია სუსლიაკის უდანაშაულობას. ვფიქრობ, სასამართლო დღეს მაინც იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და დაიკავებს იმ პოზიციას, რასაც ევროპული სასამართლო უნდა აკეთებდეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, რასაც ამბობდა ჩვენებაში, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი, ეს ბავშვები და-ძმანი არიან. ანუ არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა.
გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პროკურორის მიმართ, რომელმაც ეს სისულელე მოიგონა. 22 მაისს, კიევში გამგზავრებამდე მე შევიტანე გენერალური პროკურორის სახელზე სათანადო საჩივარი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლოში იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საქმის გამამტყუნებელი განაჩენით, რომ შემდეგში თვითონ გადაწყვიტონ ბავშვების ბედი“, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ადვოკატის შუამდგომლობა მათ დაუშვებლად ცნეს. რაც შეეხება სასამართლოს არგუმენტაციას, ამის შესახებ ისინი მედიასთან არ საუბრობენ და დასაბუთება ადვოკატს გადაუგზავნეს. აღნიშნული დოკუმენტი ჯერჯერობით ადვოკატს არ აქვს მიღებული.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.