ადვოკატი - ლევან ქარდავა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობას არ აღიარებს
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ კუდ-ის ყოფილი ჩინოსანი ლევან ქარდავა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„ვესწრებოდი ბრალის წარდგენას. ლევან ქარდავა წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და მიაჩნია, რომ აბსურდია. ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან პიარკამპანიას და სხვას არაფერს. როგორ შეიძლება იმ ჩანაწერებზე ბრალის წაყენება, რომლებიც ორი წლის წინ გავრცელდა ერთ-ერთ პირზე, რომელსაც ბრალსაც ვერ უყენებენ – ეს არის გიორგი დგებუაძე. ჰოლანდიის სახელმწიფომ უარი თქვა ამ საქმის გამო ბრალის წარდგენაზე. არსებობს ჩანაწერი, რაც რეალობას არ შეესაბამება. ნიმუშიც არ აუღიათ, რომ შეედარებინათ. სხვა მტკიცებულება არ არსებობს. მოწმეები არ ამხელენ ლევან ქარდავას. ბრალის მიხედვით, მცდელობაც არ ყოფილა, უბრალოდ, თითქოს ამზადებდნენ, მაგრამ ისიც არ არის დადგენილი, რა ფორმით უნდა მოეკლათ. მითითებულია, რომ დაუდგენელმა პირმა დაავალა აღნიშნული“, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.