ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ გამართავს
სექტემბერში სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპი“ (yna.co.kr) ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამხანაგური მატჩის გამართვა 5 სექტემბერს, სტამბოლში იგეგმება.
„კორეის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში საქართველოს შეხვდება. მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და ფაქტობრივად შეთანხმებულია, რომ ამხანაგური მატჩი სტამბოლში, 5 სექტემბერს გაიმართება“, – წერს კორეული სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში უახლოეს შეხვედრას 8 სექტემბერს თბილისში, დანიასთან გამართავს.