ეროვნული ლიგაში სეზონის განახლების შემდეგ ბათუმის „დინამომ“ პირველი მატჩი აჭარულ დერბიში, ქობულეთის „შუქურასთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
ბათუმის „დინამომ“ მატჩი არასასიამოვნო ფონზე ჩაატარა – ევროთასების შემდეგ გუნდს ფანებმა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის მოხსნა მოითხოვეს, მანამდე კი გუნდის თამაშებს პროტესტი გამოუცხადეს. შედეგად, „აჭარაბეთ არენაზე“ საგრძნობლად ცოტა გულშემატკივარი მივიდა.
„დინამომ“ თამაში აქტიურად დაიწყო და „შუქურას“ კარი ტაიმის ბოლოს აიღო. 38-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის წაქცევისთვის ქობულეთელების კარში დანიშნული პენალტი ლადო მამუჩაშვილმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.
ბათუმელებმა მეორე ტაიმში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ირაკლი ბიძინაშვილის (46), მამუკა კობახიძის (54), მათე ვაწაძის (61) და ლევან ხარაბაძის (85) გოლებით 5:0 გაიმარჯვეს.
19 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 45 ქულით ლიდერია და წყალტუბოს „სამგურალსა“ და „საბურთალოსთან“ (38) უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა, ხოლო „შუქურა“ (13) მერვე ადგილზეა.