აბურჯანია გრანდთან დააფასეს - „ჟილ ვისენტე“ „სპორტინგს“ დაუზავდა #1TVSPORT
აბურჯანია გრანდთან დააფასეს - „ჟილ ვისენტე“ „სპორტინგს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ „ჟილ-ვისენტეში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა პორტუგალიური გრანდის, „სპორტინგის“ წინააღმდეგ, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ქულა მოიპოვა – 0:0.

შეგახსენებთ, რომ 22-ე ტურში „ჟილ ვისენტემ“ გასვლაზე „პორტუ“ 2:1 დაამარცხა. ამჯერად კი ქულა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და საერთაშორისო ინტერნეტპორტალებმა – whoscored-მა და sofascore-მა საკმაოდ მაღალი შეფასება (7,3 ქულა) დაუწერეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევა გოლით დააგვირგვინეს. „ჟილ ვისენტეს“ კარი იუსეფ ჩერმიტის გადაცემით მარკუს ედვარდსმა აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

საბოლოოდ მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს – 0:0. 26 ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტემ“ 30 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან პრიმეირა ლიგაში მე-13 ადგილზეა.