აბულაძე და ჭკუასელიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
აბულაძე და ჭკუასელიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირი პირველიდან შვიდი ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს სახელით, დღეს მსოფლიო პირველობაზე ხუთი მოჭიდავე – გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც აბულაძე და ჭკუასელიძე ნახევარფინალში გავიდნენ.

ლერი აბულაძემ 1/4-ფინალში ძლიერი რუსი მოჭიდავე ანგარიშით 7:3 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ირანელ სპორტსმენს შეხვდება. ძალიან კარგად იასპარეზა წინასწარ შეხვედრებში თემურ ჭკუასელიძემ. დაძაბული გამოდგა მისთვის 1/4-ფინალური დაპირისპირება თურქ მოჭიდავესთან. შეხვედრის დასაწყისში ქართველი 0:5 აგებდა, რის შემდეგაც ჭკუასელიძემ ორი ოთხქულიანი გდება შეასრულა, ხოლო შემდეგ მეტოქე შებოჭა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველი მოჭიდავე რუს სპორტსმენს შეხვდება.

ნახევარფინალური დაპირისპირებები ბელგრადში თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.