აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი კრივის ბრძოლების ორგანიზებას აპირებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა უაიტი აპირებს პროფესიულ კრივში ბრძოლების ორგანიზებას.
„ამ ზაფხულის შემდეგ, ვაპირებ კრივის აღორძინებაზე ზრუნვას. ამის შესახებ ბევრს შეიტყობთ. ენტონი ჯოშუა უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ვარსკვლავი, მაგრამ ასე არ არის. იგივე ითქმის დეონტეი უაილდერზე. რა შეიძლება იყოს ამ ორ მოკრივეს შორის ბრძოლაზე საინტერესო?! სუპერმძიმე კატეგორია მოსაწყენი გახდა მაიკ ტაისონის წასვლის შემდეგ. იყვნენ ძმები კლიჩკოები, მაგრამ ეს ღამის კოშმარი იყო. ახლა კი არსებობს ჯოშუა, რომელიც შოუს ქმნის. მე მასში ყველაფერი მომწონს. ის სპორტის მეგავარსკვლავი უნდა გახდეს“, – განაცხადა უაიტმა სიენენთან (CNN) კომენტარში.
პირველ ივლისს, ჯოშუა რინგზე უნდა გასულიყო ჯარელ მილერის წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელის სისხლში დოპინგი აღმოაჩინეს.
მილერის შემცვლელად ექვსი მოკრივე მოიაზრება: ენდი რუისი, ლუის ორტისი, მაიკლ ჰანტერი, მანუელ ჩარი, ტრევორ ბრაიანი და აგიტ კაბაიელი.