აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ერთ ღონისძიებაზე სამი სატიტულო ბრძოლის გამართვას გეგმავს (UFC 251)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ერთ ღონისძიებაზე სამი სატიტულო ბრძოლის გამართვას გეგმავს (UFC 251)

ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიდი ალბათობით, ტიტულს პირველად მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ დაიცავს.

„ი-ეს-ფი-ენ“-ის (ESPN) ის ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაცია UFC 251 – ის ფარგლებში სამი სატიტულო ბრძოლის ჩატარებას გეგმავს. წყაროს ცნობით, მხარეები ერთმანეთს უკვე მოელაპარაკნენ, ახლა მხოლოდ კონტრაქტებზე ხელის მოწერაღა დარჩა.

თავდაპირველად UFC 251 ავსტრალიაში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება მწვანე კონტინენტზე ვეღარ ჩატარდა.

2019 წლის დეკემბერში ალექს ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოვეი დაამარცხა და მას ჩემპიონის ტიტული დიდი ხნის შემდეგ ჩამოართვა. ავსტრალიელს ზედიზედ 18 ბრძოლა აქვს მოგებული (UFC 8-0). მანამდე, ვოლკანოვსკიმ ჟოზე ალდოსა და ჩედ მენდესს სძლია.

ჰელვანის ინფორმაციით, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი „ქარდზე“ კიდევ ორი სატიტულო ბრძოლის დამატებას აპირებს. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) ჩემპიონ კამარუ უსმანსა და გილბერტ ბერნსს შორის შედგება. მესამე ქამრისთვის დაპირისპირება კი ქვემსუბუქ წონაში (bantamweight) პეტრ იანსა და ჟოზე ალდოს შორის გაიმართება.

უდიდესი ალბათობით, ღონისძიება საბრძოლო კუნძულზე გაიმართება, რომელიც, როგორც გაირკვა, აბუ დაბიში მდებარეობს.