აბდულმანაპ ნურმაგომედოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
აბდულმანაპ ნურმაგომედოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის მამა კომიდან ორი დღის წინ გამოვიდა და ამჟამად კვლავ მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს. როგორც ირკვევა აბდულმანაპმა გულის შეტევა და კომატოზური მდგომარეობა კორონავირუსის გამო გადაიტანა.

57 წლის აბდულმანაპს „კოვიდ 19-ის“ დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ერ-ტე სპორტი“ (RT Sport) ავრცელებს.

თავდაპირველად ხაბიბის მამას მედიკოსების დახმარება 24 აპრილს დასჭირდა, როდესაც მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების რჩევისა და რეკომენდაციების მიუხედავად აბდულმანაპმა სამწვრთნელო პროცესი მაინც გამართა. ის ასევე უარს აცხადებდა კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე. მას შემდეგ რაც მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ოჯახმა მისი მოსკოვის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა. აბდულმანაპმა გულის შეტევა 3 მაისს გადაიტანა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რამაც კომაში ჩავარდნა გამოიწვია. ტესტი „კოვიდ 19-ზე“ მას სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარდა.

ნურმაგომედოვების ოჯახის ახლობელი რამაზან რაბადანოვი აცხადებს, რომ ამჟამად აბდულმანაპის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ის კვლავ მედიკოსების აქტიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მძიმე მაგრამ სტაბილური.

რუსეთში კორონავირუსით 260 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა.