აბასოვმა ყოფილი მწვრთნელი ცხადაძე გაიხსენა - ქართული კლუბი „ნეფტჩის“ ორი ფაქტორით სჯობნის #1TVSPORT
აზერბაიჯანის ბაქოს „ნეფტჩის მთავარმა მწვრთნელმა, სამირ აბასოვმა „ნეფთჩი ტვ“-სთან კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, სადაც გუნდი „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.
„მოწინააღმდეგეზე რაიმეს თქმა გამიჭრდება. „დინამოს“ ანალიზს, შესწავლას და თამაშისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ. არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომლებშიც ისინი გვჯობნიან. პირველი ის არის, რომ საქართველოში სეზონი აქტიურად მიმდინარეობს და „დინამო“ კარგ ფორმაშია. მათ ბოლო ტურში „სამტრედია“ ორიოდე დღის წინ დაამარცხეს. მეორე – ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, მაგრამ მეც მას კარგად ვიცნობ, თუ როგორი მწვრთნელია“, – განაცხადა აბასოვმა.
ბაქოს „ნეფტჩის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა: „ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები. სავიზო საკითხების გამო ვიღაცები ჯერ კიდევ ვერ შემოგვიერთდნენ, ნაკრების წევრები ისევ ისვენებენ. ეს არ არის პანიკის მიზეზი. ჩვენ მოვამზადებთ. ეს იქნება ჩვენი გამოცდა და იმედია, მას ჩავაბარებთ. გასვლის შანსები არის. იმედი მაქვს, ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“.
აქვე ვიტყვით, რომ გუნდში გასულ სეზონში იაპონიის ნაკრების და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თამაშობდა, რომელმაც აზერბაიჯანი უკვე დატოვა.