საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის დროშასთან დაკავშირებით
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მზად არის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე რუსეთს ეროვნული დროშით გამოსვლის უფლება მისცეს. თუ რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილებას ბოლომდე შეასრულებს, რუს სპორტსმენებს შეეძლებათ „პიონჩანგ-2018“-ის დახურვის ცერემონიაზე რუსეთის დროშით გამოვიდნენ.
„ჩვენ რუს სპორტსმენებს დავუტოვეთ უფლება ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ეროვნული დროშით გამოვიდნენ. ეს გადაწყვეტილება ოლიმპიურ მოძრაობაში შექმნილ ამ არასასიამოვნო ეპიზოდს დაასრულებს. დახურვის ცერემონია გახდება ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა გაიზიარა და შეასრულა ჩვენი მოთხოვნები, რაც შესაძლებელს გახდის ახალი ურთიერთობის დაწყებას. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ რუსული სპორტის სუფთა მომავალზე,“ – განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
შეგახსენებთ, რომ ანტისადოპინგო საგამოძიებო კომისიების დასკვნის საფუძველზე სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიურ დელეგაციას აეკრძალა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ დაიშვებიან, ე.წ. „სუფთა“ სპორტსმენებს კი სპეციალური კომისია შეარჩევს.