9 იანვარს თბილისის „დინამოს“ ლეგენდის, საუკუნის გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა #1TVSPORT
9 იანვარს ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდას და საუკუნის გოლის ავტორს 66 წელი შეუსრულდებოდა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სულ 25 წელი იცხოვრა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში უდიდესი კვალი დატოვა. ვიტალი დარასელიამ კარიერა ოჩამჩირის „ამირანში“ დაიწყო, ძირითადი ნაწილი კი თბილისის „დინამოში“ გაატარა, სადაც 17 წლის ასაკში ჩაირიცხა, 273 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ევროპის თასების მფლობელთა თასის 1981 წლის გათამაშების ფინალის გმირი გახდა – შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გერმანული „კარლ ცაისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით თბილისის „დინამოს“ გამარჯვება და დღემდე ერთადერთი ევროპული ტიტული მოუტანა, თავად კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკუნის გოლის ავტორად ჩაეწერა.
ლეგენდარული დინამოელი იყო ევროპის 19 და 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული. ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2013 წლის 7 ივლისს დიღომში თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ისევე როგორც ოჩამჩირის სტადიონი. 2016 წლიდან კი მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მისდამი პატივისცემის ნიშნად, 1990 წლის 30 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის „იბერიასა“ (ამჟამინდელი „დინამო თბილისი“) და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის მისი ვაჟის, ვიტალი დარასელია-უმცროსის სიმბოლური დარტყმით გაიხსნა.
2011 წლის 17 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა, ხოლო 2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.