9 000 გულშემატკივრის მხარდაჭერით - „ზესტაფონი“ საქართველოს ვირტუალური თასის მფლობელია
საქართველოს ვირტუალური თასის გამარჯვებული „ზესტაფონია“ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გევრდი აქვეყნებს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი პაუზისას, საფეხბურთო ცხოვრებამ მწვანე მინდვრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სწორედ არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ვირტუალური თასის გათამაშების გამართა.
საინტერესო და სახალისო ტურნირში, რომელიც გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ ორგანიზებით ჩატარდა, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ოთხი ლიგის 46 გუნდი მონაწილეობდა და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმატებას გულშემატკივართა სიმრავლე და გათამაშების პროცესში მათი აქტიურობა განაპირობებდა. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, გოლად გუნდისთვის მიცემული ყოველი 100 ხმა ფასდებოდა. ხმების დათვლა დილის 10 საათიდან 24:00 საათამდე გრძელდებოდა.
„ზესტაფონი“ გათამაშების ფინალში ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და მეტოქე 32:14 (3293:1496) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ტურნირის მსვლელობისას, „ზესტაფონს“ მხარი 9 000-მდე „ფეისბუქ“ (facebook) მომხმარებელმა დაუჭირა.