ევროპის ლიგაზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გამარჯვებით, თბილისის „დინამომ“ ქართულ კლუბებს უეფას რეიტინგში დამატებითი ქულები მოუტანა, საქართველომ კი შარშანდელი ევროშედეგები და რეიტინგი გააუმჯობესა.
ევროთასებზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ქართულმა კლუბებმა ჯამში 1,875 სარეიტინგო ქულა დააგროვეს, შარშან კი ეს მაჩვენებელი 1,625 ქულა გახლდათ.
გადამწყვეტი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაბალასთან“ თბილისის „დინამოს“ საშინაო გამარჯვება გამოდგა. ამით თბილისელებმა დამატებით 0,250 ქულა დააგროვეს და საქართველოს წინსვლაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს – „დინამომ“ ევროპის ლიგაზე ოთხივე შეხვედრა მოიგო და ქვეყანას 1,000 ქულა მოუტანა. საჩხერეს „ჩიხურას“ ანგარიშზეა 0,625 ქულა, ხოლო „საბურთალომ“ 0,250 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ევროთასებზე გამარჯვება 0,250 ქულაა, ხოლო ფრე – 0,125 ქულა.
ამით საქართველო უეფას რეიტინგში 47-დან 2 საფეხურით დაწინაურდა, უელსსა და ისლანდიას გაასწრო და 45-ე ადგილზე დაწინაურდა. შედეგის გაუმჯობესების იმედი კიდევ არის, რადგან საქართველოს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი წარმომადგენელი შემორჩა – „საბურთალო“ „არარატ-არმენიას“, ხოლო თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდს“. ამ ოთხ შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურების შანსი გააჩნია.