8 ქულა 23 წუთში და მოგება „ორლანდოსთან“ - მამუკელაშვილის გამორჩეული შეხვედრა NBA-ში [ვიდეო] #1TVSPORT
8 ქულა 23 წუთში და მოგება „ორლანდოსთან“ - მამუკელაშვილის გამორჩეული შეხვედრა NBA-ში [ვიდეო] #1TVSPORT

G ლიგაში ჩატარებული გამორჩეული შეხვედრების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც კარგ მატჩებს ატარებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მილუოკი ბაქსი“ რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და 109-102 დაამარცხა.

სანდრომ 23:02 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა. ყველაზე მეტად რაც აღსანიშნავია, მამუკელაშვილის პარკეტზე ყოფნის პერიოდში ვისკონსინური გუნდი 17 ქულით წინ გავიდა, რაც „ბაქსის“ მოთამაშეებიდან მეორე საუკეთესო მაჩვენებელია – +19 ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეის. რაც შეეხება პასივს, ქართველი კალათბურთელი 3-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

შეიძლება ითქვას, რომ მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა შეხვედრა მარტივად მოიგო – პირველ მეოთხედში „ბაქსმა“ 9-ქულიანი გაქცევა მოახერხა და მატჩის ბოლომდე ეს უპირატესობა შეინარჩუნა. საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 34 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „მილუოკის“ მხრიდან ასევე გამორჩეულები იყვნენ ბობი პორტისი 18 ქულითა და 10 მოხსნით და ჯრუ ჰოლიდეი 17 ქულითა და 10 პასით. „მეჯიქის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, პაოლო ბანკეროს კი 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა.

„მილუოკი ბაქსი“ 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი 8 დეკემბერს „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.