15-წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ - ჭეიშვილი სოხუმის „დინამოში“ იმუშავებს
ვასილ ჭეიშვილი ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სოხუმის „დინამოსთან“ ითანამშრომლებს – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
„სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორის და უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე გამოცდილი სპეციალისტი ვასილ ჭეიშვილი იმუშავებს“, – იუწყება გუნდის პრესსამსახური.
ვასილ ჭეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, საფეხბურთო გუნდების მთავარ მწვრთნელად და აკადემიის ხელმძღვანელად. მთავარი მწვრთნელი იყო უზბეკურ „ცემენტჩში“ (1998-2000), ზესტაფონის „მეტალურგში“ (2000-2001 წელი, გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი გახადა), თბილისის „სპარტაკში“ (2003 წელი), ბაქოს „ოლიმპიკსა“ (2005-2008) და „ბაქილში“ (აზერბაიჯანი, 2009 – 2011).
ამის გარდა, 7 წლის განმავლობაში იყო ორი აზერბაიჯანული გუნდის აკადემიის სპორტული დირექტორი – 2012-2016 წლებში „ალინჯას“, ხოლო 2016-2018 წლებში – „სუმგაითის“. 2018-2019 წლებში სხვადასხვა პოლონურ საფეხბურთო კლუბებთან საფეხბურთო მეთოდოლოგიის საკითხებზე თანამშრომლობდა.