„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო ტურში საქართველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან – საქართველო XV 15 მარტს კრასნოდარში ბორჯღალოსნებთან ერთად გაემგზავრება და პირველი ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე რუსეთის „ა“ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო XV, რომელიც „დიდი 10“-ის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, პირველად შარშან ზაფხულში შეიკრიბა და „ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV ანგარიშით 23:22 დაამარცხა, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში კი, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 20:18.
წელს ბესიკ ხამაშურიძე გუნდს პირველად შეკრებს, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე, შეკრებაზე 10 მარტს შეიყვანს და მოსამზადებლად 5 დღე ექნება.
საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა 12 მარტს დასახელდება.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო XV-ში მხოლოდ „დიდი 10“-ის მორაგბეებმა ითამაშონ. მივდივართ რუსეთის „ა“ ნაკრებთან სათამაშოდ. შეხვედრა 16 მარტს, კრასნოდარში, „ტრუდის“ სტადიონზე ჩვენი დროით 16 საათზე დაიწყება და მისი ინტერნეტ-ტრანსლაცია იგეგმება“, – განაცხადა საქართველო XV-ის მენეჯერმა ლექსო იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო XV ივნისში თბილისში ორ მატჩს გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრების წინააღმდეგ.
რუსეთი „ა“ – საქართველო XV | 16 მარტი, 16:00 (საქ. დროით), სტადიონი „ტრუდ“.
გაიმართება მატჩის ტრანსლაცია, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით მოგაწვდით.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი