ბორჯღალოსნები ერთი წლის ინტერვალით მსოფლიოს ერთ-ერთ (მესამე ადგილის მსოფლიო რეიტინგში) საუკეთესო გუნდთან, ინგლისის ნაკრებთან მეორე ერთობლივ წვრთნას გამართავენ.
ინგლისელების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯოუნსის ინიციატივით, საქართველოს ნაკრები ინგლისს პირველად 2018 წლის თებერვალში ეწვია. მაშინ ავსტრალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან“ ერთობლივმა ვარჯიშმა, მის შეგირდებს ბევრი სასიკეთო რამ შესძინა და მსგავსი წვრთნების კიდევ ერთხელ, მსოფლიო თასის წელიწადში გამართვის სურვილი გამოთქვა.
პირველი დონის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშის პერსპექტივა ძლიერ ახარებს მილთონ ჰეიგს:
„თუ პირველი დონის ქვეყნებთან ხშირად ვერ თამაშობ, მათთან ერთობლივი ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია. ამ მოცემულობაში ეს იდეალური შესაძლებლობაა და საუკეთესო შესაძლებლობების მიღება და გამოყენება ჩვენ ერთ-ერთი მიზანია“.
ჰეიგსა და ჯოუნზს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ერთ დროს ისინი ერთად მუშაობდნენ და ეს შესაძლებლობები ამის გამოძახილია. ასევე იმის, რომ შარშანდელი ერთობლივი წვრთნით ინგლისშიც ძლიერ კმაყოფილნი დარჩნენ:
„ახალ წლამდე ედი ჯოუნსს ვესაუბრე და მანაც თქვა – „რა თქმა უნდა, მოდი გავიმეოროთო“ – ამბობს ჰეიგი და აგრძელებს:
„ედის საქართველოსთან და პირადად ჩემთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. შედეგად, 2012-2015 წლებში, როდესაც ის იაპონიის ნაკრების მწვრთნელი იყო, მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ. ახლა ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელია და მეორედ ვმართავთ ინგლისელებთან ერთობლივ ვარჯიშს. გაგვიმართლა, რომ ედი ამ შესაძლებლობას გვაძლევს და ამ გზით გუნდის „მშენებლობაში“, განვითარებაში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი ქართული რაგბის მიმართ და ის ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია. მსგავსი ურთიერთობების არსებობა და გაღრმავება მნიშვნელოვანია!“.
ინგლისში 30 მორაგბით
ბორჯღალოსნები ინგლისში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრნენ, რომელთაგან 16 მორკინალი და 14 ბექია. რაგბი ევროპაზე რუმინეთთან და ესპანეთთან მოგებული მატჩების შემდეგ, ინგლისში გაფართოებულ შემადგენლობას ზურაბ ჟვანია, შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, ხოლო ხაზს ტრავმა მოშუშებული მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი და დავით კაჭარავა დაემატნენ.
„შარშან ინგლისთან გამართული შერკინების ერთობლივი ვარჯიშების შესახებ ლეგენდები, მითები და დაუჯერებელი ისტორიები მსმენია. მაშინ გრეემ როუნთრი არც ჩვენთან იყო და არც ინგლისთან, თუმცა როდესაც ამ ვარჯიშებს უყურა, ნანახით კმაყოფილი დარჩა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ვარჯიშებით ახლაც ძალიან ბევრს მივიღებთ“.
„გვექნება ორი სავარჯიშო დღე – პირველ დღეს მორკინალები და ბექები ცალ-ცალკე იმუშავებენ, ხოლო მეორე დღეს ვარჯიშს უფრო გუნდური სახე ექნება. ჩვენთან ვარჯიშში ინგლისელებს გარკვეული სისტემების დახვეწა სურთ, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. გარდა ამის, ჩვენი ახალგაზრდა და ასევე გამოცდილი მორაგბეები საკუთარ შესაძლებლობებს ტიერ1-ის გუნდის მორაგბეების წინააღმდეგ გამოცდიან“.
30 მორაგბიდან 12 ისეთია (7 მორკინალი და 5 ბექი), რომლებსაც შარშან ინგლისში არ უვარჯიშიათ. ესენი არიან 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა; ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი; მეორეხაზელები დავით გიგაური და შალვა სუთიაშვილი; მესამე ხაზელები ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე; მგეზავი თედო აბჟანდაძე; ხაზის მოთამაშეები ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი და გიორგი აფციაური.
ჰეიგი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენი გუნდი და ინდივიდუალურად მორაგბეები, ამ ერთობლივი წვრთნისგან მიიღებენ:
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბექები ინგლისელ ბექებთან ერთად ივარჯიშებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დერეფანში თამაშს მათ არაჩვეულებრივ დერეფანთან ვარჯიშში დავხვეწთ. ამ ერთობლივი ვარჯიშით ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შედარების შესაძლებლობა გვეძლევა. ამ ყველაფრის ანალიზით გავიგებთ, რამდენად ახლოს ვართ საუკეთესო გუნდებთან. მსგავსი გამოცდილება გვეხმარება, რომ მეტად გავიზარდოთ და უკეთესები გავხდეთ, არა მარტო მოთამაშეები, არამედ როგორც მთელი გუნდი, როგორც ერთი ორგანიზმი“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი