6:1 მეოთხე პერიოდში - „დინამოს“ ხორვატიაში თამაშის შემოსატრიალებლად ცოტა დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრა გამართა. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად სპლიტში „იადრანს“ ესტუმრა.

ხორვატები წყალბურთში ევროგრანდებში რომ გადიან, არახალია, თუმცა ბოლო წლებში „იადრანი“ ტიტულებით ისე ვერ იწონებს თავს, როგორც ათწლეულების წინ. ეს გუნდი 1991-1993 წლების ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია.

დინამოსთან მატჩში ფავორიტის სტატუსი სამი პერიოდის განმავლობაში გაამართლა – მეოთხე რაუნდის წინ 14:7 დაწინაურდა. შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა დინამოელებმა დასკვნით მეოთხედში მეტად ეფექტური თამაშით 6:1 გაქცევა მოაწყვეს,სიტუაცია დაიძაბა, თუმცა სტუმრებს თამაშის შემოსატრიალებლად დრო არ ეყოთ – 15:13 „იადრანის“ სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქართული გუნდის მეორე წაგება. პირველ ტურში „დინამო“ ასევე სტუმრად ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა.

იადრანი (ხორვატია) – დინამო (საქართველო) 15:13

გოლები

იადრანი: ბურიჩი (1), მარინიჩი (3), ბუკიჩი (1), ხარკოვი (1), დელიჩი (1), დობუდი (3), სეტკა (3), დუზევიჩი (2).

დინამო: ტყეშელაშვილი (1), ელაჩა (2), ვასიჩი (4), ბითაძე (1), სარიჩი (3), მაგრაქველიძე (2).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.

A ჯგუფში ნოემბრის შეხვედრათა განრიგი:

19 ნოემბერი. „ტელეკომი“ – „ოლიმპიაკოსი“, ,„დინამო“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ბრეშა“, „იადრანი„ – „ნოვი ბელგრადი“.

30 ნოემბერი. „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.