6:1, დავითაშვილის ”პოკერი” და გაურკვევლობა – 17-წლამდელების ამბავი ხვალ გაირკვევა
6:1, დავითაშვილის ”პოკერი” და გაურკვევლობა – 17-წლამდელების ამბავი ხვალ გაირკვევა

პესიმისტების პროგნოზი არ გამართლდა – გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

პატარა “ჯვაროსნებში” თავი ზუკა დავითაშვილმა გამოიჩინა, რომემაც მაკედონიელთა კაღში ოთხი გოლი გაიტანა – 4, 11, 16 და 45-ე (პენალტით) წუთებზე. ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა (64-ეზე), ხოლო ერთიც, 31-ე წუთზე მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა. მაკედონიელებმა სათავისოდ მხოლოდ დამატებულ წუთზე გაიტანეს და გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა 6:1 მოიგეს.

მეორე შეხვედრაში ირლანდიამ მასპინძელ პოლონეთს 1:0 სძლია და 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო საქართველომ მასპინძელი პოლონეთის მსგავსად 4 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების სხვაობით აჯობა და მე-2 ადგილზე მოხვდა.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართება და 8 ჯგუფიდან 15 გუნდი გადის – 8 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი. საწუხაროდ, ამ მაჩვენებლით საქართველო ჯერ 8 ჯგუფში უარესი მე-8 ადგილოსნობის კანდიდატია.

მოხვდებთ თუ არა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ხვალ გაირკვევა, როდესაც მე-7 ჯგუფში თამაშები დასრულდება: რუმინეთი სლოვენიას შეხვდება, ხოლო ისრაელი – უნგრეთს. დასანანი იქნება, ნემსაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ გავიდეს – გუნდმა შემტევი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და საქართველოს პირველი ასაკობრივი ნაკრებია, რომელმაც ელიტ-რაუნდში 8 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზუკა დავითაშვილმა ელიტ-რაუნდში მასპინძელ პოლონეთთან 2 გოლი გაიტანა, დღეს, მაკედონიასთან – 4 და 6 გოლით ელიტ რაუნდების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.