ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა და გრაცის „შტურმს“ „კლაგენფურტთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე დაეხმარა. ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის ტრავმის გამო დაკარგული თითქმის 6-თვის შემდეგ პირველი თამაში იყო.
25 წლის ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გრაცის გუნდის ფორმით 77-ე წუთზე გამოჩნდა და ტრავმის და დროის სიმცირის გამო თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. „შტურმმა“ 3:1 მოიგო, 21 ქულა დააგროვა და ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ექვსეულში მხოლოდ „ზალცბურგს“ (33 ქულით) ჩამორჩება.
ოთარ კიტეიშვილმა „შტურმში“ ბოლოს 30 სექტემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდურ „ეინდჰოვენთან“ ითამაშა. ამ შეხვედრაში დაშავდა და ტერფის მოტეხილობა დაუდგინეს. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ვარჯიში მარტში დაიწყო.
„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 3 აპრილს გასვლაზე ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერთან“ გამართავს. მაგრამ ქართველების დაპირისპირება ვერ შედგება – კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ლოჩოშვილია ტრავმირებული.