შპიგელი უკან არ იხევს, რეალ მადრიდი პორტუგალიურ გაზეთს უჩივის
შპიგელი უკან არ იხევს, რეალ მადრიდი პორტუგალიურ გაზეთს უჩივის

გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ (Der Spiegel) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა საბუთი კრიშტიანო რონალდოს მიერ კეტრინ მაიორგაზე სექსუალური ძალადობის თაობაზე, რომელიც მათ მოიპოვეს, ავთენტურია და გამოცემას არანაირი საფუძველი არა აქვს, რომ ამაში ეჭვი შეიტანოს.

პორტუგალიის ნაკრებისა და იტალიური „იუვენტუსის“ თავდამსხმელი უარყოფს „შპიგელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მან, 2009 წელს, ლას-ვეგასში ყოფნის დროს, ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა გააუპატიურა და ჟურნალს სასამართლოში უჩივის. 33 წლის ფეხბურთელი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ყველა საბუთი, რომლებზეც გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია იყო დაფუძნებული, ყალბია.

„ჩვენ გვაქვს ასობით საბუთი, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიპოვეთ და რომლებიც ჩვენს სტატიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ამყარებს“, – აცხადებენ შპიგელში, – „ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ“.

ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდოს ყოფილი კლუბი, „რეალ მადრიდი“, პორტუგალიურ გაზეთ „კორეიო და მანიას“ (Correio da Manha) სასამართლოში უჩივის. ირკვევა, რომ გაზეთის მიერ გავრცელებული ცნობით, 2009 წელს, მადრიდულმა სამეფო კლუბმა რონალდოს ურჩია, კეტრინ მაიორგასთვის ფული გადაეხადა და ასე მოეგვარებინა პრობლემა, სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა.

კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და ეს უაპელაციო ტყუილი სამეფო კლუბის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.