46 686 ბილეთი უკვე გაყიდულია - საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობა გარანტირებული აქვს

საქართველოს ნაკრებს ყაზახეთთან შეხვედრაზე გულშემატკივრის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს – ფეხბურთის ფედერციის ოფიციალური გვერდის ცნობით, ამ დროისთვის ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაზე ბილეთების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გაყიდულია.

„ამ დროისთვის ველოდებით 46 686 გულშემატკივარს! თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია!“ – წერია სფფ-ს ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“ 55-ათასამდე მაყურებელს იტევს, ანუ ანშლანგისთვის გასაყიდი 9 ათასზე ნაკლები ბილეთი დარჩა.

სფფ-ს ცნობით, „დინამო-არენაზე“ გულშემატკივართათვის სპეციალური ზონა მოეწყო. მატჩზე ადრე მოსულ მაყურებლებს შეუძლია ითამაშოს სახალისო თამაში – „გაიტანე გოლი“. გულშემატკივარს ასევე დიჯეი და მხატვრები ელიან.