450 წუთი უგოლოდ - მამარდაშვილი „ვალენსიას“ საიმედო მეკარე ხდება #1TVSPORT
450 წუთი უგოლოდ - მამარდაშვილი „ვალენსიას“ საიმედო მეკარე ხდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ესპანეთში დაბრუნებული გიორგი მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ბურთი არ გაუშვია.

ლა ლიგის 30-ე ტურში „ღამურებმა“ „მესტალიაზე“ „კადისს“ უმასპინძლეს, რომელიც აუტსაიდერთა ზონაშია და ქულები ძალიან სჭირდებოდა. სტუმრებმა „ვალენსიას“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენჯერმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

მე-40 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. „კადისის“ თავდამსხმელმა ალვარო მეგრედო ახტა და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია.

48-ე წუთზე გიორგი უკვე უსამა იდრისის შორიდან დარტყმას გადაეღობა. აღსანიშნავია, რომ თავიდან აშკარა იყო, რომ გიორგი მამარდაშვილი გამოსვლებზე დამაჯერებლად ვერ თამაშობდა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ სათამაშო პრაქტიკით ამ ნაკლს ასწორებს, რაც ალბანეთთან სანაკრებო შეხვედრაშიც გამოჩნდა და „კადისთანაც“ ასე მოხდა.

21 წლის ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე გამოსვლებზე დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქის სახიფათო შეტევა განმუხტა. ასე მოხდა 63-ე და მე-80 წუთებზე, როდესაც ბურთი საჯარიმოში ჯერ ივან ალეხომ ჩააწოდა, შემდეგ კი რუბენ სობრინომ, მაგრამ მამარდაშვილი კარიდან დროულად გავიდა და ბურთი მოიპოვა.

გიორგი 6 თებერვლიდან, ანუ „რეალ სოსიედადთან“ მატჩიდან მოყოლებული 9 მატჩია „ვალენსიას“ კარში დგას და უკვე ზედიზედ მეხუთე თამაშია, გოლი არ გაუშვია. ამას გარდა, ერთი უგოლო მატჩი საქართველოს ნაკრებში ალბანეთთან ჩაატარა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, ლა ლიგაში გამართული 30 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.