სპორტულ ტანვარჯიშში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 44 წლის ოქსანა ჩუსოვიტინა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას აპირებს. დღეს ის უზბეკეთის სახელით ასპარეზობს. ამის შესახებ სპორტსმენმა თავის „ინსტაგრამში“ დაწერა.
ჩუსოვიტინასთვის ეს იქნება მერვე ოლიმპიადა კარიერაში. ცოტა ხნის წინ, შტუტგარტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერ შეძლო ვერც ინდივიდუალურ მრავალჭიდში და ვერც ცალკეულ დისციპლინებში ფინალში გასვლა, მაგრამ ზაფხულის თამაშების საგზური მოიპოვა.
მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ჩუსოვიტინა ადრე სსრკ-სა და გერმანიის ნაკრებებში გამოდიოდა. ის გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ერთადერთი ტანმოვარჯიშე ისტორიაში, ვისაც შვიდ ოლიმპიადაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ამ რეკორდის ავტორი ის გახდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეშვიდე ადგილი დაიკავა ხტომებში.
მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩუსოვიტინას დებიუტი 1991 წელს შედგა. მაშინ მან სსრკ-ის ნაკრების რიგებში ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა. სულ პლანეტის პირველობაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი აქვს.
ოლიმპიური ოქრო ჩუსოვიტინას მოგებული აქვს 1992 წელს, ბარსელონაში გუნდურ ასპარეზობაში. ასევე მის ანგარიშზეა ვერცხლი პეკინის თამაშებზე (2008).