43 წუთიანი დუმილი - ჯენოას გულშემატკივარმა გენუის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო
გენუაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჯენოამ სერია ა-ს პირველი შეხვედრა გამართა. მატჩის საწყისი 43 წუთის განმავლობაში ტრიბუნაზე სრული სიჩუმე იყო. გულშემატკივარმა ამ სახით პატივი მიაგო იმ 43 ადამიანის ხსოვნას, რომელიც 14 აგვისტოს მორანდის ხიდის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
მეორე ტურის წინ ქომაგთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი 43 წუთიან დუმილს მიუძღვნიდნენ თითოეულ ბავშვს, სტუდენტს, დედასა და მამას, რომლებიც ამ ტრაგედიის გამო მათთან ერთად აღარ არიან. ჯენოამ საკუთარ მოედანზე „ემპოლი“ მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. გენუელთა ორივე გოლი პირველ 20 წუთში გავიდა. გულშემატკივარს არც გოლების გატანა აღუნიშნავს.
დუმილი 44-ე წუთზე დაირღვა, სწორედ მაშინ, როცა ეკრანზე ტრაგედიის მსხვერპლთა სახელები და გვარები გამოჩნდა. ამის შემდეგ, მათ ჩვეულებრივ გააგრძელეს ქომაგობა. სოლიდარობის გამომხატველი ბანერები კი სერია ა-ს როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, ყველა სტადიონის ტრიბუნაზე იყო გამოფენილი.