37 წლის გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველად ითამაშებს #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა დანიურ „მიდტიულანდთან“ 3:2 მოიგო და მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
დანიელებთან საპასუხო მატჩში „ჯვაროსნების“ კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 37 წლის ასაკში გუნდთან ერთად უდიდესი სიხარულის თანამონაწილე გახდა.
„სლოვანი“ 33-ე წუთზე დაწინაურდა – სტუმრების კარში ბურთი ხორვატმა თავდამსხმელმა, მარკო ტოლიჩმა გაიტანა, მაგრამ „მიდტიულანდმა“ თურქი შემტევის, არალ სიმსირის გოლით 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 50-ე წუთზე ფრანკილინომ დანიელები დააწინაურა.
ამ რთულ მომენტში ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. 82-ე წუთზე ტოლიჩმა ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ოთხ წუთში ტიგრან ბარსეგიანმა „მიდტიულანდის“ კარი მესამედაც აიღო და სლოვაკებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
გურამ კაშიამ და ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი პირველად დაძლიეს და ძირითად ეტაპზე გავიდნენ. სლოვაკეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მეორე სლოვაკური გუნდი გაიყვანა – სლოვაკმა სპეციალისტმა პირველად ეს „არტმედიაში“ მუშაობისას შეძლო.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.