36 წლის ფაბრეგასმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას გეგმავს #1TVSPORT
36 წლის ფაბრეგასმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას გეგმავს #1TVSPORT

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა 20-წლიანი კარიერა დაასრულა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„მსოფლიო ჩემპიონატის თასის აღმართვა, ევროპის ჩემპიონობა, ყველაფრის მოგება ესპანეთსა და ინგლისში, თითქმის ყველა ევროპული ტიტულის მოპოვება იყო დაუვიწყარი თავგადასავალი. ყველას დიდი მადლობა, ვინც მეხმარებოდა – თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, დირექტორებს, პრეზიდენტებს, ფანებსა და აგენტებს, ჩემს ოჯახს – მშობლებს, დას, ცოლსა და ბავშვებს. ვაფასებ თქვენს რჩევებს და ზრუნვას. მადლობა ჩემს მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ცდილობდნენ დავემარცხებინე, რადგან უფრო გამაძლიერეს. დამრჩა დიდებული მოგონებები და შევიძინე მეგობრები ჩემს განვლილ გზაზე. ამ გზაზე შევისწავლე სამი ენა, გავხდი უფრო თავდადებული და გონიერი. მივიღე გამოცდილება, რომელიც აღარ განმეორდება, მილიონი წელიც რომ ვიცოცხლო“.

ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ ფეხბურთიდან არ მიდის და მწვრთნელობას აპირებს.

ესპანელის საკლუბო კარიერაში იყო ისეთი გუნდები, როგორებიცაა „არსენალი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „მონაკო“.

ფაბრეგასმა 20-წლიან კარიერაში 16 ტიტული მოიპოვა, მათ შორის – მსოფლიო ჩემპიონის (ერთხელ), ევროპის ჩემპიონის (ორჯერ). იზეიმა ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონობა. 36 საგოლე გადაცემით კი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ასისტენტად შევიდა.