33 წლის შემდეგ - 15 თებერვალი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა #1TVSPORT
დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა, თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის კი ეს მიუღებელი წინადადება იყო და ყველა გუნდის გამოსვლას ითხოვდნენ.
„სჯობს, არ გადავდოთ ხვალისთვის ის, რის გაკეთებაც დღეს მოხერხდება. ცხადია, არაერთი დაბრკოლება გველოდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, დიდი საქმე დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს! საბჭოთა კავშირში დღეს ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერ დაამთავრონ. როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ. ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენ ხალხს ეკადრება“, – გადამწყვეტი გამოდგა ნოდარ ახალკაცის ეს გამოსვლა, რომელმაც დელეგატები სრული დამოუკიდებლობის აუცილებლობაში დაარწმუნა.
პრეზიდენტობის ორი კანდიდატი იყო, ნოდარ ახალკაცი და კახი ასათიანი, რომელმაც საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა, ღია კენჭისყრით კი ნოდარ ახალკაცი საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
ასევე გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში არცერთი ქართული გუნდი აღარ ითამაშებდა, 1990 წლის 30 მარტს კი პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.
დამოუკიდებელი ქართული ფედერაცია საერთშორისო ორგანიზაციებმა წევრად თავიდან არ აღიარეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება ფიფა-მ 1992 წლის 3 ივლისს მისცა, ხოლო 1993 წლის 17 ივნისს უეფა-მაც გვაღიარა და საქართველომ ევროპულ სანაკრებო და საკლუბო ტურნირებში თამაშის უფლება მოიპოვა.