33 ქვეყნის სპორტის მინისტრმა სპორტულ ორგანიზაციებში რუსეთის წევრობის შეჩერება მოითხოვა #1TVSPORT
პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა, რომ 33 ქვეყნის სპორტის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ითხოვენ რუსეთისა და ბელარუსის წევრობის შეჩერებას სპორტულ ორგანიზაციებში, აგრეთვე ამ ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირების ტრანსლიაციების აკრძალვას.
„ჩვენ ვითხოვთ რუსეთისა და ბელარუსის სპორტული ფედერაციების წევრობის შეჩერებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვითხოვთ გარიცხონ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელი პოსტებიდან, აგრეთვე შეაჩერონ საერთაშორისო ტურნირების ტრანსლიაციები რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე“, – მოჰყავს ბორტნიჩუკის სიტყვები სააგენტო „როიტერს“.
სპორტული ჩინოვნიკების განცხადება უკავშირდება იმას, რომ უკრაინაში კვლავაც გრძელდება რუსული აგრესია და მიუხედავად ამისა, სპორტის ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად, ბობსლეისა და სკელეტონში აპირებენ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვან საერთაშორისო ტურნირებზე.
განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ ბულგარეთისა და უნგრეთის გამოკლებით, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ნორვეგიისა და კანადის მინისტრებმა.