„ბორჯღალოსნების“ თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 მორაგბე დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – ბორჯღალოსნების ყველა დროის მელელოვისთის და გამორჩეული კაპიტანის მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა რადგან გუნდს დასჭირდა იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.
იაპონია 2019 მეხუთე მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის გამო გამოაკლდა გუნდს.
რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იგივეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.
გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, ბორჯღალოსნებს თხოვნას – ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანხმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს მაჯორში შეუერთდება (თუ ტულონის ინტერესები არ გადაიკვეთება).
31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე „ნათლობას“ მიიღებს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.
იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.
იაპონიაში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან „მარიფილდზე“ დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.
უკანახაზი – სანდრო თოდუა, სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, ზურაბ ძნელაძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი ბეგაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე
შერკინება – მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მამუკა გორგოძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი