სანაკრებო პაუზა დასრულდა და 19-20 ოქტომბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშები განახლდება. გაიმართება 31-ე ტური. პირველი შეხვედრა წყალტუბოში ჩატარდება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ (40 ქულა) „საბურთალოს“ (57 ქულა) უმასპინძლებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ ქუთაისელთა გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში (თუ მატჩებში) მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს. რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, „საბურთალოსთან“ მატჩისთვის ქუთაისელთა 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებიც ემზადებიან.
ხვალ 55 – ე თბილისური დერბი გაიმართება – „დინამო არენაზე“ „დინამო“ (62 ქულა) „ლოკომოტივს“ (40 ქულა) დაუპირისპირდება. ტრადიციული მეტოქეების აქამდე ჩატარებულ 54 შეხვედრაში უპირატესობა „დინამოელთა“ მხარესაა: 31 მოგება, 13 ფრე და 10 წაგება, ბურთების ბალანსიც 90:35 „დინამოს“ სასარგებლოდაა. ყველაზე დიდი სხვაობით „დინამომ“მეტოქე 2019 წლის 4 აგვისტოს დაამარცხა და 6:0 მოიგო. „ლოკომოტივმა“ მეტოქეს დიდი ანგარიშით მხოლოდ ერთხელ – 2000 წლის 23 სექტემბერს მოუგო – 3:0. ყველაზე მეტი გოლი გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა, რომელიც „დინამომ“ 6:5 გაიმარჯვა. გუნდების დუელში ყველაზე ხშირი ანგარიშია (1:0), რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა.
კვირას, 20 ოქტომბერს სამი მატჩი გაიმართება: საჩხერის „ჩიხურა“ (35 ქულა) „რუსთავს“ (34 ქულა) უმასპინძლებს და სხვაობის გაზრდას შეეცდება. „მიხეილ მესხი 2“-ზე აუტსაიდერთა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება შედგება: ბოლოადგილოსანი „ვიტ ჯორჯია“ (18 ქულა) მეცხრე ადგილზე მყოფ ბოლნისის „სიონს“ (31 ქულა) მიიღებს. თუკი ბოლნისელები მოიგებენ, „ვიტ ჯორჯია“ მასთან და დანარჩენ აუტსაიდერებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას ვეღარ მოახერხებს და ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ეროვნულ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობება.
ტური გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დასრულდება, სადაც აუტსაიდერების ზონიდან თავდაღწეული და მეექვსეზე დაწინაურებული „დილა“ (37 ქულა) გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ (62 ქულა) უმასპინძლებს. გორელებს ოთხეულში მოხვედრისა და ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ, ხოლო ბათუმელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
შაბათი, 19 ოქტომბერი
ტორპედო – საბურთალო
15:00. 26 მაისი – წყალტუბო
დინამო თბ – ლოკომოტივი
18:00. დინამო არენა – თბილისი
კვირა, 20 ოქტომბერი
ჩიხურა – რუსთავი
15:00. ცენტრალური – ივანწმინდა
ვიტ ჯორჯია – სიონი
17:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დილა – დინამო ბთ
19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი